თბილისის ქუჩებში ე. წ. ,,სისხლიანი ბანერების" გამოჩენას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს ბანერები იმის ილუსტრაციაა, რომ სიცოცხლის ქალაქის ნაცვლად, ქალაქი სიძულვილისა და სიკვდილის ქალაქად იქცა.
,,ამ ბანერებს აკეთებენ იმის საჩვენებლად, რომ სიცოცხლის ქალაქის ნაცვლად, ეს ქალაქი იქცა სიძულვილისა და სიკვდილის ქალაქად. მე შეგახსენებთ, რომ ბანერები გადააკრეს ვაქცინაციის სასარგებლო კამპანიის შემცველ ბანერებზე. კახი კალაძე, ნაცვლად იმისა, რომ დადიოდეს და სარგებლობდეს ამ სიძულვილის შემცველი ბანერებით, უმჯობესია, დაკავდეს რეალური საქმით და ოპონენტების აღიარებით“ _ ამბობს თამარ კორძაია.
თბილისის ქუჩებში გამოკრულ ბანერებზე ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!". ,,ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ ბანერებს დისკრიმინაციულს უწოდებს და მათ გაკვრაში ,,ქართულ ოცნებას“ და თბილისის მერს ადანაშაულებს.
ბანერების ადგილი დაავადებათა კონტროლის ცენტრს წლის ბოლომდე ჰქონდა დაქირავებული და მასზე ვაქცინაციის სააგიტაციო შინაარსის მოწოდებები უნდა განთავსებულიყო, თუმცა აღნიშნული კონტრაქტი დროზე ადრე შეწყდა და მის ნაცვლად ბანერებზე ოპოზიციური ლიდერების სისხლიანი ფოტოები გამოჩნდა.