ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთში ახალი საოკუპაციო ბანერი დაამონტაჟეს. მისი თქმით, ხელისუფლება ყველა მსგავს შემთხვევას მკაცრად უნდა პასუხობდეს, თუმცა, მთავრობა ამას არ აკეთებს.
"როგორც ცოტა ხნის წინ შეგვატყობინეს ხურვალეთიდან რუსმა ოკუპანტებმა ახალი ბანერი დაამონტაჟეს საოკუპაციო ხაზის შიგნით საგუშაგოსთან, რომელიც მათ რამდენიმე წლის წინ დადგეს სკოლის მიმდებარედ. რუსულ ექსპანსია გრძელდება. ოკუპანტი ყოველდღიურად მუშაობს და ყოველდღიურად ამატებს იმ ნიშნებს, რომელსაც შემდეგ ის ეძახის სახელმწიფო საზღვარს. ხელისუფლებისგან სამწუხაროდ კვლავ არანაირი რეაგირება არ არის და რომ არა ქალბატონ ლუდა სალიას აქტივობა, ეს ფაქტი დარჩებოდა დამალული და ჩვენი ყურადღების მიღმა. ხელისუფლება ყოველ ასეთ ნაბიჯს ოკუპანტის უნდა პასუხობდეს ძალიან მკაცრი და პრინციპული რეაქციით, მაგრამ ბოლო ათი წლის განმავლობაში სამწუხაროდ ასეთ პოზიციას ხელისუფლებისას ვეღარ ვხედავთ" - აღნიშნავს ქაცარავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით კი ბანერი ახალი დამონტაჟებული არ არის და ბოლო დღეების განმავლობაში ოკუპანტებს სოფელ ხურვალეთთან ბირდერიზაციის სამუშაოები არ განუახლებიათ.
ფოტო: facebook