საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რადიო „პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდაზე ისაუბრა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეკონომიკის ამ მასშტაბის ზრდა უპრეცედენტოა და ერთგვარი კოვიდ გამოცანაა, რასაც ბევრი ანალიზი დასჭირდება.
,,ასეთი უპრეცედენტო ზრდა არასოდეს გვქონია და ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. იმედი მაქვს, რომ ეს ზრდა გაგრძელდება, ცხადია ასეთი მასშტაბი ვერ ექნება, თუმცა, ტენდენციის სახეს იმედია, შეინარჩუნებს. ეს არის შეკუმშული ეკონომიკის გახსნის ე.წ. ზამბარის პრინციპი და კუმულატიური ეფექტი.
ეკონომიკის ასეთი ზრდა კოვიდ გამოცანაა. ასეთი გამოცანები ალბათ, კიდევ ბევრი იქნება ამ პოსტ კრიზისულ პერიოდში. გუშინ რაც მოხდა, ეკონომიკური სიურპრიზია. ამ მოვლენას ზომიერი ოპტიმიზმით ვუყურებ. გუშინ, ეს იყო პირველადი მონაცემი და არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული კორექტირებები მოხდეს, თუმცა არ ვთვლი, რომ რიცხვები მნიშვნელოვნად შემცირდება. ფაქტია, პროცესი გაჯანსაღებისკენ მიდის და სექტორალურად თუ ჩავშლით ამას დავინახავთ. ემიტენსები (გადმორიცხვები) გაზრდილია, ექსპორტი გაზრდილია, ტურიზმი იზრდება. ახლა მთავარია, რომ ეკონომიკა აჩვენებს პოტენციალს რომ სწრაფი აღდგენა შეუძლია“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქსტატმა 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით 44.8%-ით გაიზარდა.
მთავარი ფოტო: ipress.ge