დღეს საქართველო დიასპორის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით პატრიარქი ილია II დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს.
„უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, ჩვენო სულიერო შვილებო! გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დიასპორის დღეს. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ იგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შემდეგ აღინიშნება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის თქვენს მნიშვნელობაზე მეტყველებს.
ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ თითოეული თქვენგანი სამშობლოსათვის მეტად ძვირფასია. თქვენ ჩვენი ნაწილი, ჩვენი ტკივილი და ჩვენი იმედიც ხართ, რადგან მრავალი ოჯახი თქვენით ირჩენს თავს და ამასთან, ჩვენი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი განათლებას უცხოეთში იღებს.
ეცადეთ, ასახელოთ სამშობლო, ჩვენი წინაპრები, თქვენი ახლობლები და ოჯახი; ეცადეთ, საქართველოს სიყვარული ჩაუნერგოთ თქვენს შვილებს.
სამშობლო მარტო გეოგრაფიული ადგილი არ არის; სამშობლო შენი ენაა, შენი კულტურაა, შენი ისტორიაა, შენი წინაპრების განცდებითა და ლოცვით გაჯერებული ჰაერია, მათი სისხლითა და ოფლით მორწყული მიწა-წყალია, მათი საფლავებია...
სამშობლო, ღმერთისგან ბოძებული ერთადერთი სახლია, რომლის გარეშეც ამქვეყნად ყოველთვის ვიქნებით მიუსაფარნი, როგორი უზრუნველი ცხოვრებაც არ უნდა გვქონდეს სხვაგან.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“ - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
მთავარი ფოტო: publika.ge