კახეთში, ნაზარლების მეორე გაჩერებული ჭაბურღილებიდან ნავთობი იღვრება. ყოფილი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი, „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ გარემოს დაბინძურებაზე პასუხისმგებელი კომპანია „ფრონტერაა“, რომელიც ამ ჭაბურღილებიდან ნავთობს უნდა მოიპოვებდეს, მაგრამ როგორც ირკვევა, სამუშაოები მიტოვებულია. მთავრობა და ნავთობ მომპოვებელი კომპანია ამ დრომდე არკვევენ ვისი პასუხისმგებლობაა გაჩერებული ჭაბურღილებიდან ნავთობის დაღვრა.
„პასუხისმგებლობა არავის აქვს აღებული. ფრონტერა მოიპოვებს იქ სადაც მას აწყობს, დანარჩენი საბადოები და ჭაბურღილები, ისე დგას, საქაჩები არ მუშაობს. ამის მიუხედავად წნევით მაინც ამოდის ნავთობი და იღვრება. ამას კი პირველ რიგში სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს. მთელი პრობლემა იმაშია, რომ ფრონტერასა და სახელმწიფოს ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ ერთმანეთში ურთიერთობა. თუ ფრონტერა არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, სახელმწიფოს ყველანაირი ბერკეტი აქვს შევიდეს იქ და მოახდინოს ოპერირება“ - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.
კომპანია „ფრონტერაში“ კი ამბობენ, რომ ნაზარლების ნომერ მეორე ჭაბურღილი მათი პასუხისმგებლობის ქვეშ აღარაა. ხოლო იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ოპერირებდნენ 20 წლის განმავლობაში ნავთობის დაღვრა არ მომხდარა.
თუ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას, კომპანია მზად არის, სახელმწიფოს დაეხმაროს.
მთავარი ფოტო: tvpirveli.ge