,,ჩემი კანდიდატურის წარდგენით, ვფიქრობ, პარლამენტში კონსენსუსის შესაძლებლობა არსებობს“ _ ლევან იოსელიანი
ვხედავთ, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩიხშია შესული, ჩემი კანდიდატურის წარდგენით, ვფიქრობ, კონსენსუსის შესაძლებლობა არსებობს. ამის შეახებ ,,მოქალაქეების“ დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატზე შეჯერება ქვეყანას ევროკავშირთან დააახლოვებს.
,,ვფიქრობ, რომ მთელი ჩემი პარლამენტში ყოფნის პერიოდში ავაშენე ნდობა, რომ ჩემი კანდიდატურა იყოს მხარდაჭერილი როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან. მხარდაჭერის გარანტია, რა თქმა უნდა არავისგან არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით იმ რამდენიმე პოლიტიკოსს, ვინც საჯარო განცხადებებში დამიჭირა მხარი, მათ შორია, ხათუნა სამნიძემ, თეონა აქუბარდიამ, იაგო ხვიჩიამ და თამარ კორძაიამ, მინდა მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო, ასევე არიან ,,ქართული ოცნების“ წევრები, ვინც მხარს მიჭერენ, თუმცა მათ თქვეს, რომ ამაზე ექნებათ მსჯელობა.
სახალხო დამცველის არჩევაზე შეთანხმება არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომლის შესრულებაც ევროკავშირთან დაგვაახლოვებს. ამ პუნქტის შეუსრულებლობა ძალიან დიდი ჩავარდნა იქნება როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის თავისთავად, რადგან ეს ის პუნქტია, სადაც ერთმანეთის გარეშე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ვიყო ასეთი კომპრომისული კანდიდატი და ამით ეს დათქმა შესრულდეს.
როდესაც სახალხო დამცველის კანდიდატები წარვადგინე და მოსმენებს ვესწრებოდი, მაშინ აზრადაც არ გამივლია, რომ შეიძლებოდა მე თვითონ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ საბოლოოდ ვინმეზე შევჯერებულიყავით, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს პროცესი ჩიხშია შესული და ამის გადაწყვეტილების რესურსი მხოლოდ პარლამენტშია, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ვფიქრობ, ისევ პოლიტიკოსი უნდა იყოს, ვინც შეიძლება ასეთი კონსენსუსი შეკრას. ჩემი კანდიდატურის წარდგენით, ვფიქრობ, კონსენსუსის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია, შეიძლება საკმარის ხმებს თავი ვერ მოვუყარო და სხვა კანდიდატების ბედი გავიზიარო, მაგრამ მინდა, რომ ყველაფერი ვცადო, მათ შორის, ჩემი კანდიდატურის წარდგენით“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.