,,არათანმიმდევრულობა, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა“ იჩენს, უკარგავს მას სერიოზულობასაც და მხარდაჭერასაც“ _ ლევან იოსელიანი
ასეთი არათანმიმდევრულობა, რომელსაც ამ ორი წლის მანძილზე ,,ნაციონალური მოძრაობა“ იჩენს, უკარგავს ამ პარტიას სერიოზულობასაც და მხარდაჭერასაც. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიციის დანიშნულება პარლამენტში ყოფნა და ,,ქართული ოცნებისთვის“ ოპონირების გაწევა უნდა იყოს.
იოსელიანის თქმით, პარლამენტში მუშაობაზე უარის თქმის შემთხვევაში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრივილეგიებზეც უარი უნდა თქვას.
,,ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევდი და სწორად მიმაჩნია, რომ ეს პარტია უნდა იყოს პარლამენტში და აწარმოებდეს აქტიურ საპარლამენტო საქმიანობას. ასეთი არათანმიმდევრულობა, რომელსაც მთელი ამ ორი წლის მანძილზე ეს პარტია იჩენს, რა თქმა უნდა, უკარგავს ამ პარტიას სერიოზულობასაც და უკარგავს მხარდაჭერასაც. არ შეიძლება თვეგამოშვებით იყო ბოიკოტში და თვეგამოშვებით ბრუნდებოდე პარლამენტში, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ან იყვნენ პარლამენტში, ან წავიდნენ პარლამენტიდან, ოღონდ წასვლა მანდატებზე, ხელფასებზე, დაფინანსებასა და პრივილეგიებზე უარის თქმას უნდა ნიშნავდეს. ამ ფორმით თუ წავლენ, მაშინ იქნება გასაგები, რომ მათ აღარ უნდათ პარლამენტში ყოფნა, თუ ამ ჩემს მიერ ჩამოთვლილ სიკეთეებს ინარჩუნებენ, მაშინ უნდა მოვიდნენ პარლამენტში და იმუშაონ, როგორც ყველა სხვა პოლიტიკური პარტია იქცევა, ოპონირება გაუწიონ ,,ქართულ ოცნებას“, ეს არის ოპოზიციის დანიშნულება“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
დეპუტატის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ან პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ან კანონპროექტების განხილვას დაესწრონ და 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფებში ჩაერთონ.
,,კიდევ გავიმეორებ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან არათანმიმდევრული თავის გზავნილებში, გადაწყვეტილებებში, ისინი ფაქტიურად პარლამენტის ერთ ოთახს უცხადებენ ბოიკოტს და მეორე ოთახში შედიან, მეორე ოთახს უცხადებენ ბოიკოტს და მესამეს არ უცხადებენ. ასეთი რამ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას დატოვების შესახებ, დატოვონ მანდატები, თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო საქმიანობაში, უნდა დაესწრონ როგორც ,,ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვას, ისე 12 პუნქტის სამუშაო ჯგუფებში მიიღონ მონაწილეობა“ _ განაცხადა ლევან იოსლეიანმა.