,,როცა ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ გამოსავალი რევოლუციაა, ამით ისინი ,,ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნას უხანგრძლივებენ“ _ ლევან იოსელიანი
,,ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პარტია, პარტიის მხარდამჭერები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისივე შეფასებით, კანდიდატები არა თავმჯდომარეობისთვის, არამედ სააკაშვილის მოადგილეობისთვის იბრძვიან.
,,ერთი წინადადებით თუ შევაფასებთ, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ,,ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პარტია, სინამდვილეში იქ არავინ იბრძვის პარტიის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იბრძვის მიხეილ სააკაშვილის მოადგილეობისთვის. ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ისინი არ უჭერენ მხარს არცერთ კანდიდატს, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ძირითადი ბირთვი, ეს არის სააკაშვილის მხარდამჭერების. შესაბამისად, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პოლიტიკაში, მანამ იარსებებს ,,ნაციონალური მოძრაობა“ ამ ფორმით და მანამდე იქნება ბრძოლა სააკაშვილის კარზე პირველობისთვის“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ის ქართულ პოლიტიკას გაემიჯნება, რადგან, მისი თქმით, ,,ქართული ოცნება“ საკუთარ პროპაგანდას და პოლიტიკას წლების განმავლობაში სწორედ მასზე აგებს.
,,ვფიქრობ, სააკაშვილის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ის აიღებს პაუზას და ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდება, რადგან, მიხეილ სააკაშვილი არის განმსაზღვრელი ფაქტორი, რაზეც დგას ,,ქართული ოცნების“ პროპაგანდაც და პოლიტიკაც ამ წლების მანძილზე. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ,,ქართული ოცნება“ ძლიან კარგად იყენებს და ამ ყველაფერს ისე აწვდის მოსახლეობას, რომ სინამდვილეში სააკაშვილს კი არ სჭირს რამე, არამედ ,,ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს მის მდგომარეობას იმისთვის, რომ სასჯელისგან დაიხსნას“ _ აღნიშნავს დეპუტატი.
იოსელიანის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რევოლუციური გზავნილი არასწორია, რადგან ამით ,,ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნას უხანგრძლივებენ.
,,როცა ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ გამოსავალი რევოლუციაა, ისინი ერთ რაღაცას ვერ აცნობიერებენ. როცა ამას ამბობ, ძალიან კარგად უნდა გესმოდეს, რომ სწორედ ამაზე დგას ,,ქართული ოცნება“, ეს არის, რითაც მას ხელისუფლებაში ყოფნას უხანგრძლივებ. რევოლუციური გზავნილი არის ის, რაც მას მოაგებინებს შემდგომ არჩევნებს. ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთთან უნდა გვქონდეს სწორი კომუნიკაცია. თუ ,,ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციას გვთავაზობს, როგორც გამოსავალს, ამ რევოლუციას რაც მოყვა, ყველას კარგად გვახსოვს, ქვეყანაში აბსოლუტურ უმრავლესობას ეშინია მათი ხელისუფლებაში დაბრუნების, ამას კი ,,ქართული ოცნება“ კარგად იყენებს“ _ აცხადებს იოსელიანი.