16 ნოემბერს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტი ,,ქართული ოცნების“ მიერაა ინიცირებული და მას მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი უკრაინული მოდელის წინააღმეგია და მიიჩნევს, რომ ის ქართულ რეალობას არ ერგება.
ოპოზიციონერი დეპუტატი, ,,მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონი ოლიგარქთა გადამეტებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს.
როგორც იოსელიანი აღნიშნავს, კანონი არ იქნება სამართლიანი იმ პირების მიმართ, ვინც შესაძლოა წინაპირობას აკმაყოფილებდეს, თუმცა რეალურად საერთოდ არ მონაწილეობდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ან, რიგ შემთხვევებში, არ ფლობდეს დიდი ოდენობით ქონებას.
კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად ჩაითვლება პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამს ერთდროულად დააკმაყოფილებს:
1. პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა;
2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა;
3. ისეთი ბიზნესის ფლობა, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია;
4. ისეთი აქტივების ფლობა, რომელის ოდენობა 1000000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.