რატომ არ შეესაბამება უკრაინული კანონპროექტი ,,დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ქართულ რეალობას - ლევან იოსელიანის განმარტება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონპროექტი ქართულ რეალობას არ შეესაბამება. დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული კანონი ყველა შემთხვევაში არ იქნება სამართლიანი, რადგან შესაძლოა ისეთ ადამიანებს შეეხოს, ვინც პოლიტიკისგან დისტანცირებულია, რიგ შემთხვევებში კი ოლიგარქთა რეესტრში მოხვდებიან ის პირები, რომლებიც არ ფლობენ დიდი ოდენობით ქონებას, თუმცა კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
იოსელიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ოლიგარქთა გადამეტებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს.
,,მინდა განვმარტო, რატომ არ ვარგა ,,ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული უკრაინული კანონპროექტი - დეოლიგარქიზაციის შესახებ, გაჩვენოთ როგორ არ შეესაბამება ის ჩვენს რეალობას და რატომ არის ეს სინამდვილეში კანონი უფულო ოლიგარქების შესახებ, რომელიც ამავე დროს იმ ხალხსაც ჩაგრავს, ვინც ფული იშოვა, მაგრამ პოლიტიკა არ აინტერესებს.
განვიხილოთ ორი შემთხვევა:
დავუშვათ ადამიანს არ აქვს ფული, მაგრამ ფლობს მცირე ბიზნესს, რომელსაც დომინანტური მდგომარეობა უკავია ბაზარზე, მაგალითად მხოლოდ მას შემოაქვს ჰოლანდიური ტიტები საქართველოში და ამავე დროს, ფლობს რომელიმე მასობრივი ინფორმაციის საშუალებას, მაგალითად რეგიონულ საინფორმაციო სააგენტოს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო, ასეთ შემთხვევაში ის აკმაყოფილებს ფორმალურ წინაპირობებს, რომ ოლიგარქთა რეესტრში მოხვდეს ანუ ოლიგარქად ვაცხადებთ უფულო ადამიანს, რაც დამეთანხმებით სრული ნონსენსია.
და მეორე:
დავუშვათ ადამიანს აქვს ფული, აქვს ბიზნესი რომლიც დომინანტურია ბაზარზე და ამასთან, რომელიმე მასობრივი ინფორმაციის საშუალების მესაკუთრეცაა, მაგრამ საერთოდ არ მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში და არც აქვს ინტერესი, გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს პოლიტიკისგან დისტანცირებული პირის ოლიგარქთა რეესტრში ჩარიცხვა და რატომ უნდა წარმოეშვას მას მაგალითად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ან რატომ უნდა აეკრძალოს ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა. დამეთანხმებით ეს არასამართლიანი შეზღუდვაა და მხოლოდ ამ აპოლიტიკური „ოლიგარქის“ ბიზნესს საქმიანობას დააზარალებს.
ერთი რამ ცხადია, ზემოაღნიშნული კანონპროექტი დაწერილია სხვა ქვეყნისთვის, მისი კოპირება და მიღება ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებას, ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას და ოლიგარქთა გადამეტებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილებას“ _ აღნიშნავს ლევან იოსელიანი.
16 ნოემბერს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭრა 76-მა დეპუტატმა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე 3 მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:
ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია, და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.