,,ეჭვი მეპარება, კომისია ვინმეს წინასწარ უმხელდეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ან საერთოდ გადაწყვეტილი ჰქონდეს მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს“ _ ლევან იოსელიანი
ეჭვი მეპარება, რომ კომისია ვინმეს წინასწარ უმხელდეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ან საერთოდ გადაწყვეტილი ჰქონდეს მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითიც იგი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძისა და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც იოსელიანი აღნიშნავს, სამუშაო ჯგუფებში ჩართულობით ყველამ თავისი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს შანსი არ გაუშვას.
,,იმ შემთხვევაში, თუ ეს შედეგი დადგება, მთავარი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, იქნება ,,ქართულ ოცნებაზე“. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ჯგუფებში არის მნიშვნელოვანი წინსვლა და არის კანონპროექტები, რომელსაც მე ასევე მხარი დავუჭირე, არის მიმართულებები, სადაც მე ვერანაირ წინსვლას ვერ ვხედავ, მაგალითად, სასამართლოსთან მიმართებაში. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, რაც დამოკიდებულია, რამდენად სწორად გავატარებთ რეფორმებს 12 პუნქტთან მიმართებაში.
ეჭვი მეპარება, რომ კომისია ვინმეს წინასწარ უმხელდეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ან საერთოდ გადაწყვეტილი ჰქონდეს მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება იმ გაწეულ სამუშაოზე, რასაც ,,ქართული ოცნება“ წლის ბოლოს წარადგენს, ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. ამიტომ, დღეს საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას გადაწყვეტილი აქვს, არ მოგვცეს სტატუსი, მგონია, რომ ძალიან ნაადრევია და ზოგადად ეს ნიჰილიზმის დათესვა ახლა გამოსავალი არ არის, გამოსავალი არის ის, რომ პირიქით, ყველამ ერთად რაღაცნაირად მოვინდომოთ, რომ ცვლილებები, რომელიც გვაქვს დასაინიცირებელი, 12 პუნქტის მოთხოვნებს პასუხობდეს.
მგონია, რომ სწორია, იყო ყველა სამუშაო ჯგუფში, შეეცადო, რომ მაქსიმუმი გააკეთო იმისთვის, რომ ქვეყანამ არ გაუშვას ეს შანსი, რაც არის კანდიდატის სტატუსის მიღება და უბრალოდ, შენი თავის წინაშე, ამომრჩევლის წინაშე და შენი ქვეყნის წინაშე იყო პირნათელი, რომ ყველაფერს ეცადე. მოგვცემენ თუ არა სტატუსს, ეს მეორე საკითხია, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცას დაეზარა, ვიღაცამ არ მოინდომა, ვიღაცას სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდა, ამის გამო რომ ქვეყნის ინტერესები შენს პოლიტიკურ დღის წესრიგს გადააყოლო, არ მგონია სწორი იყოს“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ბრიუსელიდან დაბრუნებულმა ოპოზიციის ორმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ევროპელი პარტნიორები 12 პუნქტის შესრულებაში საქართველოს მხრიდან საკმარის პროგრესს ვერ ხედავენ. მათივე თქმით, ევროკომისიის დასკვნა, დიდი ალბათობით, უარყოფითი იქნება. გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე ბრიუსელში ვიზიტით 19-21 ოქტომბერს იმყოფებოდნენ.