ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ,,ვიზიტს“ ეხმაურება. მისი თქმით, ქართული მხარის მხრიდან რეაგირება უნდა იყოს მკაცრი.
როგორც იოსელიანი აღნიშნავს, ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს მობილიზებული, რომ ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი ბელარუსის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებით არ დასრულდეს.
,,ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს ყველას კარგად გვესმის და ამაზე საჯაროდ ხმამაღლა უნდა ვთქვათ. რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი. მთავარია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან უნდა ვიყოთ მჭიდრო კავშირში, და რაც მთავარია, ძალიან კარგად დავინახეთ, რა შეიძლება მოყვეს საქართველოს პოზიციების შესუსტებას საერთაშორისო არენაზე, რამხელა საფრთხის მატარებელია და რამდენად სახიფათოა ის ანტიდასავლური გზავნილები, რომელიც ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისმის ხოლმე, ეს პირდაპირ ემუქრება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამიტომ დღეს პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს მობილიზებული, რომ ეს ნაბიჯი, რაც გადაიდგა ბელარუსის პრეზიდენტის მხრიდან, ეს პროცესი არ იქნას ბოლომდე მიყვანილი და არ დასრულდეს აღიარებით, ეს იქნება ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულის გამო ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა, ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.