სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ლომჯარიას თქმით, მისთვის გაუგებარია რა აქვს მას სანერვიულო, მით უმეტეს მაშინ, თუ ფიქრობს, რომ ომბუდსმენს დაბალი რეიტინგი აქვს.
მისივე თქმით, დაუსაბუთებელი თავდასხმები სახალხო დამცველის რეპუტაციას მხოლოდ აძლიერებს.
,,ჩემთვის გაუგებარია რატომაა ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველზე და რატომ ცდილობენ ამ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას თუ ისინი ფიქრობენ რომ სახალხო დამცველს არ აქვს რეიტინგი, მაშინ ვეტყოდი რომ ეს კამპანია მხოლოდ სახალხო დამცველის რეიტინგის ზრდას ემსახურება და მე მათ ადგილას არ ვაწარმოებდი ასეთ თავდასხმებს, რადგან მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველს, მის რეპუტაციას და რეიტინგს ასეთი თავდასხმები აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუგებარი ზრდის. რაც შეეხება სახალხო დამცველი რას როდის გააკეთებს, მოგეხსნებათ, რომ სახალხო დამცველი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინსტიტუტი და არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მითუმეტეს გადასაწყვეტი და მისათითებელი არ არის როდის რას გადაწყვეტს“ _ განაცხადა ლომჯარიამ.
ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე სახალხო დამცველი გააკრიტიკა და თქვა, რომ ,,ქართული ოცნების“ მოწოდების მიუხედავად, ლომჯარიამ ქსენოფობიასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება 10 დღით დააგვიანა. მისივე თქმით, ლომჯარიას რეიტინგი არ აქვს, მაგრამ მაინც ცდილობს პოლიტიკოსობას.