,,სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს აფხაზეთში“ _ ლევან იოსელიანი
ფაქტიურად, აფხაზეთის ყველაზე საუკეთესო ნაწილი მიაქვს რუსეთს ისე, რომ აფხაზებსაც არ ეკითხება, არაფერს ვამბობ დანარჩენ საქართველოზე. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროცესი რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს.
,,სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს აფხაზეთში. ჩვენ, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს თვითონ აფხაზური საზოგადოებაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მათ რუსეთი ართმევს მათ ტერიტორიას, გარდა იმისა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა. ამაზე უნდა გვქონდეს რეაქცია, არ შეიძლება ასე მდუმარედ ვუყურებდეთ, ეს დუმილი საბოლოოდ წინ დაგვხვდება ძალიან ცუდად. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ანალოგიური რამ მომხდარა, საგარეო უწყებას ჰქონდა ძალიან პრინციპული პოზიცია, რაც საერთოდ გვაქვს ხოლმე - დაგმობის და ანექსიად შეფასების პოზიცია. ფაქტიურად, აფხაზეთის ყველაზე საუკეთესო ნაწილი მიაქვს რუსეთს ისე, რომ აფხაზებსაც არ ეკითხება, არაფერს ვამბობ დანარჩენ საქართველოზე. მოვუწოდებთ, რომ გვქონდეს ამაზე რეაგირება, რადგან სამომავლოდ, როდესაც გვექნება ამ საკითხზე საუბარი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, არ უნდა დაგვისვან მათ კითხვა, რატომ არ გვქონდა ამაზე რეაქცია, ასეთ უხერხულობაში საქართველომ არ უნდა ჩაიგდოს თავი. გარდა ამისა, ჩვენი ვალია, დიპლომატიური გზით მოვახდინოთ რეაგირება ასეთ შემთხვევებზე. რისი საშუალებაც გვაქვს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ღია წერილით მიმართეს. წერილში დეპუტატები აღნიშნავენ, რომ მიუღებლად მიაჩნიათ, ის დუმილი და უმოქმედობა, რასაც საგარეო უწყება ახდენს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის საკითხზე. წერილს ხელს აწერენ დეპუტატები: ლევან იოსელიანი, ალექსანდრე ელისაშვილი, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ვახო მეგრელიშვილი და ანა ბუჩუკური.
ცნობისთვის, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო აგარაკის ყველა შენობა-ნაგებობა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება გახდება, ხოლო მიწის ნაკვეთები რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა. შეთანხმება 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა, თუმცა ცნობილი 11 ივლისს გახდა.