პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ბუჩაში საპარლამენტო დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ტელეკომპანია ,,ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეუერთდნენ ოპოზიციას და ბუჩაში მათთან ერთად გამგზავრების სურვილი გამოთქვეს, საპარლამენტო დელეგაცია უკვე სრულად იქნება წარმოდგენილი ამ ვიზიტში. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინისთვის ერთობლივი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის განწყობას გამოხატავს.
,,ჩვენი ვიზიტი უკრაინაში იქნება მთელი პარლამენტის პოლიტიკური ნების გამომხატველი. ჩვენ, ოპოზიცია ვგეგმავდით ცალკე წასვლას, დავაორგანიზეთ წასვლის ფორმატი, შევთანხმდით, მაგრამ შემდეგ ,,ქართულმა ოცნებამ“ სურვილი გამოთქვა ჩართულიყო ამ ვიზიტში, რაც კარგია, რადგან მმართველი პარტიის მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქვეყნის მთლიანობაში წარმოსადგენად. თუმცა მათი ჩართულობა არ მოხდა უმაღლეს დონეზე, მაგრამ მაინც ის ფაქტი, რომ საპარლამენტო დელეგაცია არ იქნება მარტო ოპოზიციონერებით დაკომპლექტებული და მმართველი პარტიიდანაც იქნებიან წარმომადგენლები, ეს კარგია და გამოხატავს იმ განწყობას, რაც ხალხშია, რადგან საქართველოს მოსახლეობის 99 პროცენტი ამ ომში მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ. ვინ იქნებიან მათი მხრიდან წარმომადგენლები, ამას ალბათ თვითონ იტყვიან. ოპოზიციის მხრიდან ,,ევროპელი სოციალისტების“ გარდა ყველა პარტია იქნება წარმოდგენილი ამ ვიზიტში.
ეს ვიზიტი არ იქნება პოლიტიკური დღის წესრიგით დატვირთული, ამ ვიზიტს ექნება მხარდაჭერის და სამძიმრის გამოცხადების ფორმა. ასეთი ერთობლივი ვიზიტი ჩემთვის კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არასოდეს საქართველოს და უკრაინის ურთიერთობა ისეთ დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა, როგორც დღეს არის. ამიტომ ეს ვიზიტი შესაძლებელია ურთიერთობის შემობრუნების საშუალებაც იყოს“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.