დიდი რაოდენობით ნარკორეალიზაციის ფაქტზე შსს-მ უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზაციისთვის 4 პირი დააკავა. უწყების ცნობით, ამოღებულია განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკი. დაკავებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,ქალაქ ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ხ. ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტები აღკვეთეს, 2 პირი დააკავეს და სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობისთვის დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 1991 წელს დაბადებული ა. ბ. და 2000 წელს დაბადებული ა. შ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ა.ბ.-ის მიერ სხვადასხვა ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 10 გრამი ნარკოტიკული საშუალება.
რაც შეეხება ა.შ.-ს, პოლიციამ მისი დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" ამოიღო. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს ა.შ.-ის მიერ სხვადასხვა ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული 16 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი".
პოლიციამ ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს 1992 წელს დაბადებული ბ. ბ. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" ამოიღო“ _ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.