არანაირი ლეგიტიმაცია ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობას არ გააჩნია - პაატა მანჯგალაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ანგარიში შეაფასა.
მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ისეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, საიდანაც ახალგაზრდები გარბიან, მოხუცები კოვიდით იხოცებიან, ინფლაციის მაჩვენებელი კი 12%-ია, თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს დამრიგებლური, ამპარტავნული ტონით ელაპარაკოს ოპოზიციასა და საკუთარ მოსახლეობას.
„მათ არ უნდა დაავიწყდეთ, ისინი წარმოადგენენ ქვეყანას, საიდანაც ახალგაზრდები გარბიან და მოხუცები იხოცებიან ყოველდღიურად კოვიდით, ასეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია ღარიბაშვილი და ამ ტონში საუბარი საკუთარ მოსახლეობასთან მე მგონი არასწორია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ასობით ათასი ადამიანი გავიდა ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყნიდან, 70 ათასამდე ადამიანი გადის საშუალოდ ყოველწლიურად, 30 მილიარდს გადააჭარბა საგარეო ვალმა, 50%-ით არის გაზრდილი ბოლო 2 წელიწადში სურსათზე, მათ შორის პურსა და შაქარზე ფასები, ინფლაცია არის 12%-იანი, გარდაცვლილთა მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს კოვიდით და ასეთი ქვეყნის პრემიერი თავს უფლებას აძლევს დამრიგებლური, ამპარტავნული ტონით გველაპარაკოს ოპოზიციასა და საკუთარ მოსახლეობას. ეს ოპოზიციაც ამ ქვეყნის ნაწილია, არავინ არავისზე ნაკლებ პატრიოტი არ არის, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ როცა ასეთი რეალობა გაქვს ქვეყანაში, როცა ხალხი ყოველ დღე გარბის და ცდილობს წავიდეს ამ ქვეყნიდან, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გამონახოს საერთო ენა ხალხთან, მათ ავიწყდებათ, რომ მათ პრობლემა არ აქვთ პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ ხალხთან და ეს დაადასტურა ბოლო ორმა არჩევნებმა, სადაც 1 100 000 ადამიანმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცა ხმა. არანაირი დასაბუთება და ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას, მით უმეტეს „ქართული ოცნების“ ფონზე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობას არ გააჩნია, იმიტომ, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი და არც ირაკლი კობახიძე არავის არ აურჩევია პირდაპირ,“- განაცხადა მანჯგალაძემ.
მთავარი ფოტო: imedinews.ge