„გირჩის“ დეპუტატი, იაგო ხვიჩია, ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელს ებრძვის. ამის თქმის საფუძველს მას ირაკლი კობახიძის გაკეთებული განცხადება აძლევს, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის მოქმედი წესი, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე მიიღეს, შესაძლოა, შეიცვალოს.
„მე მგონი, შარლ მიშელს ებრძვიან და გარიგებულები არიან მაგის ოპოზიციონერ მოწინააღმდეგესთან იქ, თავის ადგილას და ასე უთხრიან ძირს, რომ მის შეთანხმებას არ სცემენ პატივს და ამის შესახებ მთელ მსოფლიოს აცნობებენ. მგონი ასეთი ტაქტიკაა, სხვა რა უნდა იყოს, ვერაფრით ვხვდები - რა, ვერ აირჩიეს ცესკო-ს თავმჯდომარედ ვინც უნდოდათ?! მართლა ეს აზრი მაქვს, რომ შარლ მიშელს ებრძვიან და ეუბნებიან, რომ გამოკვეთილად, საგანგებოდ დავარღვევთ, რაც იქ წერია. თორემ ეს უკვე აღსრულებულია, ცესკო-ს თავმჯდომარე არჩეულია, 6 თვე არაფერი ახალი არ ხდება და ამ დროს ამ თემაზე საუბარს სხვა მიზეზს ვერ ვუძებნი. შეიძლება აწყენინა შარლ მიშელმა "ქართულ ოცნებას" და უნდათ, რომ ის გადაირჩიონ, ასე ებრძვიან“ - განაცხადა ხვიჩიამ.
მთავარი ფოტო: metronome.ge